ბადაგონი

ლექვინაძე: პრემიერის დავალებით ბადაგონში მიმდინარე პროცესი პირად კონტროლზე ამყავს

ტაბულა

ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ მან "ბადაგონში" მიმდინარე პროცესი გიორგი კვირიკაშვილის დავალებით პირად კონტროლზე აიყვანა. ღვინის მწარმოებელში ფინანსური პოლიციაა შესული, საგამოძიებო უწყება სწავლობს მიაყენა თუ არა "ბადაგონმა" ზარალი კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედს".

"პრემიერის დავალებით, პირად კონტროლზე იქნება აყვანილი კომპანია "ბადაგონში" მიმდინარე პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ბადაგონის დამფუძნებლებს, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით,"- ამბობს ლექვინაძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 2018 წლის 18 იანვარს, ბადაგონის ყოფილი მეწილის კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია "გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედის" განცხადების საფუძველზე დაიწყო. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2014 წლის სექტემბერში "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი" "ბადაგონის" 60%-იან წილს ფლობდა. 2015 წლის 6 იანვარს გრაკოროს წილი 50%-მდე შემცირდა. 2015 წლის 28 იანვარს კი ბადაგონის 100%-იანი წილის მფობელი გიორგი სალაყაია გახდა. დავა სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ პერიოდში მომხდარ წილის გადაფორმებას ეხება.

კომენტარები