ევროპული საქართველო

ბოკერია რეზერვის აღდგენაზე: გაწვევითსაც ვინარჩუნებთ და სავალდებულო რეზერვსაც?

მეორე არხი

საპარლამენტო უმცირესობის წევრებს თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც სარეზერვო სამსახურის აღდგენას ეხება, კითხვები აქვთ. უმცირესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ბუნდოვანია, როგორ და რა პრინციპით უნდა მოხდეს რეზერვისთვის ადამიანების შერჩევა. 

თავდაცვის სამინისტრო 2018 წელს რეზერვში 2060 არასავალდებულო, იგივე აქტიურ ადამიანს მიიღებს. სარეზერვო სამსახურის რეფორმირების თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა წარადგინა. 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო სესიაზე სიტყვის გამოსვლის დროს მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს თავდაცვის სამინისტრომ ერთდროულად გაწვევითი არმიაც და სავალდებულო რეზერვიც. 

"თითქოს, თქვენს პოლიტიკურ გუნდსაც, ქართულ ოცნებასაც ჰქონდა იგივე მიმართულება აღებული, რომ ბოლომდე მიეყვანა ეს საკითხი [პროფესიულ არმიაზე გადასვლა], რაც მნიშვნელოვანწილად დაძრული იყო. ჩვენ კი ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ფუნდამენტური შემოტრიალება, რომ თურმე, ახლა უნდა დავაბრუნოთ გაწვევითი არმია და გავზარდოთ მისი რაოდენობა, რაც ჩემთვის, პირადად ფუნდამენტურად მიუღებელია და ჩვენს გარემოებებში, განსაკუთრებით, მიმაჩნია, რომ ძალიან საზიანო იქნება. იქნებ, აგვიხსნათ, აი, ამასთან როგორ მოდის ეს რეზერვის კონცეფცია ჰარმონიაში? რა მოდელით მივდივართ, ზოგადად? გასაგებია, შეიძლება იყოს რეზერვი, მე ამ შემთხვევაში აქტიურ რეზერვზე არც მინდა გკითხოთ, ეს გასაგებია, თუმცა ბევრი რამეა სადისკუსიო. ანუ გვექნება სავალდებულო გაწვევა, სადაც ასევე გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ირჩევა ხალხი (იმ დიდი მასიდან იმ მცირე ნაწილის, რომლის გაწვევაც ხდება) და აქაც იგივე პრობლემა გვექნება. რა ნიშანია, როგორ ვახდენთ შერჩევას და რა გზით მივდივართ? გაწვევით არმიასაც ვინარჩუნებთ და სავალდებულო რეზერვსაც?"- აცხადებს ბოკერია. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი სიახლე ის არის, რომ შემოთავაზებულია აქტიური რეზერვი, რომელიც თავის მხრივ, სამ სახეს მოიცავს: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. 

ვრცლად, რა ცვლილებები შედის კანონში ნახეთ აქ.

კომენტარები