ქონებრივი დეკლარაცია

გიორგი კვირიკაშვილმა მამისგან საჩუქრად $50,000 მიიღო

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს მამისგან საჩუქრად $50,000 მიიღო. ამის შესახებ კვირიკაშვილმა საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითა. 

დეკლარაციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ხელფასის სახით 51,000 ლარი აიღო. საინტერესოა, რომ ყველა მინისტრს პრემიერმინისტრზე მაღალი ანაზღაურება აქვთ და ისინი წელიწადში 75,000 ლარს იღებენ. 

რატომ აქვთ მინისტრებს მთავრობის მეთაურზე მაღალი ანაზღაურება:

სინამდვილეში, კანონმდებლობის მიხედვით, მინისტრის ხელფასი პრემიერის ხელფასზე ნაკლებია. კანონის მიხედვით, პრემიერის ხელფასი განისაზღვრება თვეში - 4 250 ლარით (51 ათასი წლიურად), მინისტრის ხელფასი კი, 3 540 ლარით (42 ათასი წლიურად). თუმცა, 2014 წელს, პრემიერის მიერ გამოცემული ბრძანების შედეგად, მინისტრებს თვეში 2 710 ლარის ოდენობით (32 ათასი წლიურად) დანამატი დაენიშნათ. პრემიერი დანამატს, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზით არ იღებს.

მინისტრის მოადგილეები რიგ შემთხვევაში მინისტრზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ:

მაგალითად, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა 2017 წელს 101 ათასი ლარი გამოიმუშავა. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა კი დეკლარაციაში ანაზღაურების სახით აღებული 145 ათასი ლარი მიუთითა.

კომენტარები