თურქეთი-სირია

ჩრდილოეთ სირიაში ქურთ მებრძოლებთან შეტაკებებში 7 თურქი სამხედრო დაიღუპა

Getty Images

ჩრდილოეთ სირიაში ქურთ მებრძოლებთან შეტაკებებში 7 თურქი სამხედრო დაიღუპა.

5 სამხედრო მათ ტანკზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა. თურქეთის სამხედრო ძალების განცხადებით ტანკს თავს აშშ-ის მიერ მხარდაჭრილი ქურთული სახალხო დაცვის შენაერთები დაესხნენ.

მოგვიანებით თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ აფრინის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბეს.

ოპერაცია "ზეთისხილის რტოს" დაწყებიდან თურქეთმა 14 სამხედრო დაკარგა. თურქეთის მტკიცებით ოპერაციის ფარგლებში 900 ქურთი მებრძოლი მოკლეს. ქურთული წყაროების თქმით ოპერაციის დაწყებიდან 150 ადამიანი დაიღუპა და მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. შაბათს სტრასბურგში ევროსაბჭოს შენობასთან ქურთებმა აქცია მოაწყვეს. მსგავსი აქცია გაიმართა საფრანგეთშიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა.

"თუ აღმოჩნდება, რომ ოპერაცია თურქეთის საზღვართან პოტენციური ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ქვეყანაში შეჭრის ოპერაციად გარდაიქმნება, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა გახდება." თქვა მან და თურქეთს მოუწოდა მოკავშირეებთან სამხედრო მოქმედებების კოორდინირებისაკენ.

ამ კომენტარის შემდეგ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა მისი დარწმუნება სცადა იმაში, რომ თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ტერიტორიის მითვისებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ თურქული სამხედრო ოპერაცია "ზეთისხილის რტო" 20 იანვარს დაიწყო და ქალაქ აფრინიდან ქურთი სამხედროების განდევნას ისახავს მიზნად. თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის ფრთად და შესაბამისად ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავს. თურქეთის განცხადებით მათ ოპერაციას სირიელი ამბოხებულებიც უჭერენ მხარს.

კომენტარები