პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
მაჩალიკაშვილების ოჯახსა და ირაკლი შოთაძეს შორის შეხვედრა დღეს შედგა. პროკურატურის ცნობით, უარის მიზეზად მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით ჯერაც დაუსრულებელი ექსპერტიზები დასახელდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ შოთაძემ და საგამოძიებო ჯგუფმა ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს მიაწოდეს ინფორმაცია პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარე გამოძების შესახებ.
"შეხვედრაზე აღინიშნა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ, გამოიკითხნენ მოწმეები, ასევე სროლის ტრაექტორიის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური და ტრასოლოგიური) ექსპერტიზები, რომელიც დღეის მდგომარეობით დასრულებული არ არის.
მათ განემარტათ, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით არ არის დასრულებული ზემოხსენებული ექსპერტიზები და ჩასატარებელია სხვა საგამოძიებო მოქმედებები, პროკურორის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ოჯახის ადვოკატს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე ამ ეტაპზე უარი ეთქვა. მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახს და ადვოკატს მიეცათ შესაძლებლობა და ოჯახის ადვოკატები და მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში, გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს", - აცხადებს პროკურატურა.