თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სპეცრაზმელების მიმართ გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარმოებას ითხოვს. ამ ეტაპზე პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იძიებს. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ მაჩალიკაშვილს სამართალდამცველებმა ხელყუმბარა ჩაუდეს.
"ზუსტად რა ეტაპზეა გამოძიება, არ ვიცი. ჩვენ ვითხოვდით, უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მოგვიწევს განცხადების შეცვლა და დედის ან მამის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, მუხლი აუცილებლად გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება გაგრძელდეს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პირდაპირ ვლინდება განზრახ დანაშაული. ეს არის ფაქტი, რომ ამ დანაშაულის გამართლებისთვის ჩადეს ხელყუმბარა", - ამბობს მარიამ კუბლაშვილი.
თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისში დღეს დაკრძალავენ.
19 წლის მაჩალიკაშვილი გუშინ დილით, 10 იანვარს გარდაიცვალა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა.
მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. მარგოშვილი ამბობს, ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ამოღებულია ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს. (სუს-ის ვერსია ჩატაევთან კავშირის და დახმარების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ)
ოპოზიცია და ომბუდსმენი სპეცოპერაციისას ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ კითხვებს სვამენ. სუს-ის განმარტებით, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს.