საზოგადოებრივი მაუწყებელი

მუსხელიშვილი გაფრინდაშვილის ანაზღაურებაზე: არავითარ კვლევაზე საუბარი არ ყოფილა

მარინა მუსხელიშვილი
news.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის მარინა მუსხელიშვილის თქმით, მას არ ახსოვს - ლელა გაფრინდაშვილს "რაიმე დამაიმედებელი" შესთავაზა თუ არა. მუსხელიშვილი იმასაც ამბობს, რომ "არავითარ კვლევაზე ლაპარაკი არ ყოფილა". "ბორდის" წევრი აღნიშნავს, რომ მათ მხოლოდ "ზოგადი სურვილი" გამოთქვეს ლელა გაფრინდაშვილთან თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრის ლელა გაფრინდაშვილის მტკიცებით, ის ხუთი თვის მანძილზე ანაზღაურებას ჩატარებული კვლევის გამო იღებდა.

"როდესაც გაუვიდა ვადა, ჩვენ, საბჭოს ზოგიერთმა დარჩენილმა წევრმა, გამოვთქვით ზოგადი სურვილი, გვეთანამშრომლა მომავალში ლელასთან საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის საკითხებზე. არავითარი კონკრეტული ფორმა ამ სურვილს არ მიუღია და არავითარ კვლევაზე ლაპარაკი არ იყო" - წერს მუსხელიშვილი Facebook-ში.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თქმით, რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მიუვიდათ ინფორმაცია გაფრინდაშვილისთვის გადარიცხული ზედმეტი ხელფასების შესახებ, ვითარების გასარკვევად ბუღალტერიის თანამშრომლები დაიბარეს.

"ამ ქალბატონებმა, თითქმის გულწასულებმა ნერვიულობისგან, დაგვიდასტურეს რომ ეს იყო მათი შეცდომა. ბევრო ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლებოდა ამ უსიამოვნო ვითარების გამოსწორება, მაგრამ გზა ვერ ვიპოვეთ. სამართლებრივად, მენეჯმენტმა უნდა მოსთხოვოს ლელას თანხის დაბრუნება.

რაც შეეხება ლელას განცხადებას, რომ მე რაღაც დამაიმედებელი შევთავაზე მას მერე, რაც ეს ამბავი გაირკვა, ვაღიარებ, რომ ზუსტად ეს საუბარი არ მახსოვს. არ გამოვრიცხავ, რომ ვუთხარი, რომ - იქნებ რამე გამოსავალი მოიძებნოს, ვინაიდან ლელას ძალიან ვუთანაგრძნობ, ამ გაუგებრობაში რომ მოყვა. ამას აქ ვწერ იმიტომ, რომ არაზუსტი ინფორმაცია ვრცელდება და სამეურვეო საბჭოს ბრალდება ის, რაც არ ჩაგვიდენია" -წერს მუსხელიშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ფინანსურ დარღვევაზე პროკურატურას უკვე მიმართა. საუბარია 2016 წელს არხის სამეურვეო საბჭოს წევრის ჰონორარზე, რომელიც 12 000 ლარის მეტობით გაიცა. უწყების განმარტებით, აღნიშნული თანხა უკან, ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს. 

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განმარტებით, "ეს იყო ბუღალტრული შეცდომა". ლელა გაფრინდაშვილი კი აცხადებს, რომ 2016 წელს, 12 800 ლარი კვლევის - "საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი საბჭო : დასავლური, პოსტსოციალისტური, პოსტსაბჭოთა და ქართული პერსპექტივა" - მომზადებისთვის მიიღო.

ლელა გაფრინდაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ღია სხდომის დანიშვნას მოითხოვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრის თქმით, მას გარკვეული პერიოდის შემდეგ შეატყობინეს, რომ ჩარიცხული ანაზღაურება ბუღალტერიის შეცდომა იყო. ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ის, ამის შემდეგ, სამეურვეო საბჭოს წევრს მარინა მუსხელიშვილს შეხვდა.

"მან განმიცხადა, რომ ბორდი ნამდვილად ელოდა ამ კვლევის ანგარიშს და ანაზღაურების პრობლემა არ არსებობდა, რაკი მე ამის სანაცვლოდ ეს სამუშაო გავწიე" - უთხრა გაფრინდაშვილმა ლიბერალს. 

კომენტარები