კახა კალაძე

თბილისის მერია 150,000 ლარის Facebook რეკლამას ყიდულობს

instagram.com/kakhakaladze

თბილისის მერია 150,000 ლარის ღირებულების Facebook რეკლამის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვას ითხოვს. კახა კალაძის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ამ ფულით 12 Facebook გვერდის ინტენსიური დასპონსორება მოხდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში წერია, რომ facebook-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რეკლამის განთავსება კი მერიის საქმიანობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

"აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში, მათ შორის თბილისში, ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „ფეისბუქის“ ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით ანუ ჩვენ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს", - წერა დოკუმენტში.

რეკლამის მოქმედების ვადად მითითებულია:

"შესრულებისა ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი."

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 5 თებერვლამდე უნდა გადაწყვიტოს მისცემს თუ არა მერიას ამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას. 

შესყიდვა ფინანსდება ბიუჯეტის მუხლიდან რომელსაც ჰქვია "საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება."

კომენტარები