35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრა

ადვოკატი: მოზარდებს შორის დაპირისპირება სკოლის ბანკეტზე დაპატიჟებას მოჰყვა

თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაჭრის საქმეზე, ერთ-ერთი დაჭრილის ადვოკატი ამბობს, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტი სკოლის ბანკეტზე დაპატიჟებამ გამოიწვია.

ადვოკატის ინფორმაციით, დაჭრილები წარსულში პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები იყვნენ და ისინი ყოფილმა თანაკლასელებმა ბანკეტზე დაპატიჟეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად კიდევ სხვა პირები, რომლებიც ასევე, ადრე სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მათი დაპატიჟება არ მოეწონათ მათ სხვა კლასელებს. ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, ერთმანეთს შეხვდნენ მდგომარეობის გარკვევის მიზნით. დაიძაბა ურთიერთობა. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ არ ყოფილიყო 2-3 პიროვნება ამ ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი", - ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.

მისივე ინფორმაციით, შელაპარაკების დროს ცივი იარაღი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლემ გამოიყენა.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის განცხადებით, რომლის მოსწავლეცაა ბრალდებული, აცხადებს, რომ სკოლის ინიცირებული "არ არის არანაირი ბანკეტი" და "სკოლაში ცალსახად დაყენებულია, რომ გასვლითი ექსკურსიაც კი მშობლის მიერაა ორგანიზებული".

​35-ე სკოლის სამი მოსწავლე ყაზბეგის გამზირზე გუშინ, 31 იანვარს დაჭრეს. ორი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია.

ბრალდებული, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა ა.ნ., ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები