კრიმინალი

ე.წ წითელ ბაღთან ყოფილი თანაკლასელების დაჭრისთვის 2000 წელს დაბადებული პირი დააკავეს

flickr

სამართალდამცველებმა 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი 35-ე სკოლის მოსწავლეები არიან.

"სამართალდამცველებმა ა.ნ., ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით. მუხლი 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები