მეხანძრე-მაშველები

მრავალშვილიანი მეხანძრე-მაშველები ხელფასთან ერთად ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ

Reuters

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მრავალშვილიანი თანამშრომლები ხელფასთან ერთად ყოველთვიურად დანამატებს მიიღებენ. ამის შესახებ ბრძანება, სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ გამოსცა, რომელიც უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.

მრავალშვილიან მოსამსახურეებს, გარდა სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისა, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 20%-ისა:

ა) ოთხი შვილის მშობელს – 250 ლარი;

ბ) ხუთი შვილის მშობელს – 375 ლარი;

გ) ექვსი შვილის მშობელს – 500 ლარი;

დ) შვიდი და მეტი შვილის მშობელს – 625 ლარი.

ბრძანების მიხედვითვე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.

მოსამსახურეს ხელფასთან ერთად ასევე მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება:

ა) დაქორწინებისას – 1250 ლარის ოდენობით;

ბ) შვილის შეძენისას – 1250 ლარის ოდენობით;

გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1250 ლარის ოდენობით.

გიორგი მღებრიშვილის ბრძანების თანახმად, სამსახურის მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს მობილურ ტელეფონს და სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებას, სასაუბრო დროის ლიმიტებით და საწვავით უზრუნველყოფს სამსახური, სამსახურის უფროსის, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ლიმიტების შესაბამისად.

კომენტარები