გიორგი მარგველაშვილი

ქორიძე: მარგველაშვილი რეკორდსმენი არაა - მან 3671 პატიმარი შეიწყალა, სააკაშვილმა 34947

http://pirveliradio.ge

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეწყალების მხრივ გიორგი მარგველაშვილი რეკორდსმენი არ არის.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მარგველაშვილის პერიოდში შეწყალებულია 3 ათას 671 მსჯავრდებული, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში კი 34 ათას 947.

"ეს ციფრები მხოლოდ მე არ მაქვს, არის საჯარო და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გაეცნოს ამ ციფრებს და, ასევე იმ ჟურნალისტებსაც და საჯარო პირებსაც, რომლებიც აკეთებდნენ ამ თემაზე განცხადებებს ბოლო თვისა და კვირების განმავლობაში შეეძლოთ ენახათ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ნამდვილად არ არის "რეკორდსმენი", თუმცა რომც ყოფილიყო, შესაძლოა ცუდი ამაში არაფერი ყოფილიყო. თავისი მმართველობის დროს, პრეზიდენტ მარგველაშვილს სულ შეწყალებული ჰყავს 3671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი; აქედან, 3438 არის შეწყალებული შეწყალების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე - აქედან, 2384 პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება და 1054 შუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასაჯელი.

მხოლოდ 233 პირი შეიწყალა პრეზიდენტმა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში",- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკშვილს, ქორიძის ინფორმაციით, მის მიერ შეწყალებული 34 ათას 947 პირიდან 3077-ის შეწყალებისას ის დაეყრდნო კომისიის რეკომენდაციებს, 8950 პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა.

"22920 პირი კი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისგან და მოეხსნათ ნასამართლეობა. იცით თქვენ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიიღო საკუთარი საპრეზიდენტო მმართველობის ბოლოს. მაგრამ ამ ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისაგან და ნასამართლეობისგან გათავისუფლებულ პირთა გარდა, მან შეიწყალა 12027 მსჯავრდებული", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ რეკორდებზე, ყველაზე კარგია გავეცნოთ სტატისტიკას, ვნახოთ ციფრები, რომლებიც არასოდეს ტყუიან.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 16 იანვარს, გადაცემა "არჩევანში" შეწყალებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ადამიანების გამოშვებაში" რეკორდსმენია.

"ბუნებრივია, ვარ რეკორდსმენი და ვიქნები. [...] ვის გაუკვირდა, რომ მე შეწყალებაში რეკორდსმენი ვიქნებოდი? მე როდესაც ხმას მაძლევდნენ, ჩემი პოლიტიკური წარსული იცოდნენ?! იცოდნენ, რომ არ მომწონდა ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა და ვაკრიტიკებდი ბევრი წლის განმავლობაში, რადგან უამრავი პატიმარი ჰყავდათ. არ იცოდნენ, რომ ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იმიტომ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რომ ძალიან მკაცრი არის მოქალაქეების მიმართ? ამ ფონზე ვის გაუკვირდა ჩემი რეკორდსმენობა? ამ საარჩევნო კამპანიას ვინც აწარმოებს, რა ლოგიკით აზროვნებს ძნელია ამის განსაზღვრა. იმ ფონზე, როდესაც ვამბობდი, რატომ არის ამდენი პატიმარი, შემდეგ რომ პატიმრების გამოშვებას დავიწყებდი, რატომ გაუკვირდათ?".

კომენტარები