კრიმინალი

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის ცემაში ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის ალექსანდრე კვახაძის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდებულმა თანხა 20 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, იქამდე კი, ის პატიმრობაში დარჩება. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს, ალექსანდრე კვახაძეს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა დიდი ხნის ნაცნობმა და მეზობელმა ი.რ-მ. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 18 იანვარს, რა დროსაც, ი.რ.-ს ახლდა მეგობარი შ.ი. შეხვედრისას ი.რ-მ კვახაძეს უთხრა, რომ სჭირდებოდა 600 ლარი და სთხოვა დახმარება სთხოვა.

"ალექსანდრე კვახაძემ განუმარტა, რომ ხსენებული თანხა არ გააჩნდა. ამის შემდეგ ი.რ.-მ მას სთხოვა სწრაფი ონლაინ სესხის გაკეთება, ან მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება, რაზედაც ა.კ.-მ კვლავ უარი განუცხადა. ა.კ.-ს მხრიდან უარის მიღების შემდეგ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს კატეგორიულად მოსთხოვა, დახმარებოდა ი.რ.-ს, თუმცა მორიგი უარის შემდეგ, შ.ი.-მ მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ა.კ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა" - აცხადებს პროკურატურა.

2018 წლის 19 იანვარს შ.ი. ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). 

კომენტარები