იმუნიზაცია

აუდიტი: WHO-ს რეკომენდაციით გასანადგურებელი 29,222 ვაქცინა არ განადგურდა და გაიხარჯა

Reuters

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიყენა 29,222 ვაქცინა, რომელთა დაუყოვნებლივი განადგურების თაობაზეც საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) საგანგებო მითითება მიიღო. ამ ვაქცინებით აქცრა 2016-2017 წლების პერიოდში მოხდა. მეტიც, აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვაქცინებმა კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაც ვერ გაიარეს.

"შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29,222 დოზის ოდენობით", - წერია სახელმიწფო აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.

აუდიტის სამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ ამ დროისთვის საქმეზე დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებნ და მის შესახებ სრულად აუდიტის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ტაბულას განუცხადეს, რომ საქმეზე ოფიციალური პასუხი რამდენიმე საათში ექნებათ. ამ დრომე უცნობია რა დაავადების ვაქცინებზეა საუბარი და რა ასაკობრივ ჯგუფს გაუკეთდა ვაქცინაცია.

იმუნიზაციის პროგრამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პროგრამის ბიუჯეტი 2016-2017 წლებში 32 მილიონი ლარი იყო.

განახლება: დაავადებათა კონტროლის სამსახურის პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები