სახალხო დამცველი პანკისის სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აუცილებელია, გამოძიებამ ოჯახთან ითანამშრომლოს. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, იყოს შუამავალი ოჯახსა და სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის.
"ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გამოძიების მისამართით - ჩვენ გარკვეული შუამავლის თუ ხიდის როლი შევასრულოთ, რომ მაქსიმალურად იყოს მიწოდებული ოჯახისთვის ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც შეიძლება, რადგან ამ ადამიანებს გააჩნიათ ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა. ვფიქრობ, გამოძიებამ მათ გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს. ისინი აღიარებენ, რომ მათი შვილი იცნობდა აღნიშნულ პირებს, თუმცა მათ არ სჯერათ, რომ ის იყო ჩართული ან ხელს უწყობდა ტერორისტების საქმიანობას საქართველოში. ამიტომ, მათი მოთხოვნა აქვს, რომ გამოძიებამ წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი მასალა, რაც დაადასტურებს მათი შვილის დანაშაულებრივ ქმედებას. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს მათ შვილს ხელში ხელყუმბარა არ ჰქონია. ბუნებრივია, საქმის ყველა დეტალი და გარემოება ვერ გახდება საჯაროდ ცნობილი, მაგრამ გამოძიებამ უნდა ითანამშრომლოს ოჯახთან", - თქვა ნინო ლომჯარიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრის სურვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმაც გამოთქვა.
"სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს, რადგან ბევრი კითხვა მაქვს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს", - თქვა მან.
თემირლან მაჩალიკაშვილის და პანკისის სპეცოპერაციის შესახებ წაიკითხეთ აქ.