კიბერბულინგი

ავსტრალიაში 14 წლის მოდელმა კიბერბულინგის გამო თავი მოიკლა

FACEBOOK/AKUBRAOFFICIAL

ავსტრალიაში 14 წლის მოდელმა კიბერბულინგის გამო თავი მოიკლა. ემი ევერეტმა, რომელსაც საზოგადოება დოლის სახელით იცნობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით 2018 წლის 3 იანვარს დაასრულა. გოგონას მშობლებმა თვითმკვლელობის დეტალებზე კომენტარი არ გააკეთეს, მაგრამ დოლის მამამ, ტიკ ევერეტმა, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მისი შვილი დააბულინგა, დაკრძალვაზე დასწრებისკენ მოუწოდა.

"თუ შემთხვევით, ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი აზრით, უბრალოდ, ხუმრობენ და თვლიან, რომ გამუდმებული ბულინგით და სხვების შეურაცხყოფით ვინმეზე მაღლა დგანან, ამ პოსტს ნახავენ, მინდა, დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნონ და საკუთარი თვალით ნახონ ის უბედურება, რაც ჩაიდინეს." - დაწერა გოგონას მამამ სოციალურ ქსელში.

დოლის დაკრძალვას 300-მდე ადამიანი დაესწრო და ყველა მათგანს ლურჯი ტანსაცმელი ეცვა. ლურჯი გოგონას საყვარელი ფერი იყო. მათ მანქანებზე დაკრულ სტიკერებზე კი ეწერა: "გააკეთე ეს დოლისთვის!"

დაკრძალვაზე მისულ საზოგადოებას მშობლებმა გოგონას ბოლოდროინდელი ნახატი აჩვენეს, სადაც დიდი წარწერის ფონზე, გოგონას ფიგურაა გამოსახული:

"ილაპარაკე მაშინაც, კი, როცა ხმა გიკანკალებს." - წერია ნახატზე.

დოლის ოჯახის წევრებმა ავსტრალიაში ბულინგის, დეპრესიისა და თვითმკვლელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ფონდი შექმნეს, რომელსაც "დოლის ოცნება" უწოდეს.

დოლი ავსტრალიაში ცნობილი 8 წლის ასაკში გახდა, როცა ავსტრალიური ბრენდის "აკუბრას" ქუდების სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. 

კომენტარები