ჯულიან ასანჟი

ეკვადორმა WikiLeaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს მოქალაქეობა მიანიჭა

ეკვადორმა WikiLeaks-ის დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის დედაქალაქ კიტოში გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია ფერნანდა ესპინოზამ გააკეთა.

მისი თქმით ასანჟს მოქალაქობა 12 დეკემბერს მიენიჭა. ესპინოზას თქმით ეს ასანჟის დაცვის კიდევ ერთი რგოლია.

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2012 წლიდან აფარებს თავს. მისი დაკავების ორდერი შვედეთს ჰქონდა გაცემული გაუპატიურების ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებას უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა ორდერი გააუქმა დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული დაკავების ორდერი კვლავ ძალაშია და ასანჟი ამ დრომდე ეკვადორის საელჩოში რჩება.

46 წლის ავსტრალიელის განცხადებით ის შიშობს, რომ თუ საელჩოს ტერიტორიას დატოვებს დიდი ბრიტანეთი მის აშშ-ში ექსტრადიციას განახორციელებს, სადაც სამთავრობო საიდუმლოებების WikiLeaks-ზე გასაჯაროებისათვის სიკვდილით დასჯიან.

ესპინოზას განცხადებით ეკვადორმა ასანჟისათვის დიპლომატიური სტატუსის მინიჭებაც მოითხოვა, თუმცა ამაზე დიდი ბრიტანეთისაგან უარი მიიღო.

მისი თქმით ეკვადორი კვლავ გააგრძელებს დიდ ბრიტანეთთან ამ საკითხზე თანამშრომლობას და ასანჟს დაიცავს მანამ, სანამ მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

კომენტარები