რამდენიმესაათიანი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარისოფელ დუისში ჩაასვენეს. მედიის ცნობით, ადგილზე ოჯახის წევრებთან ერთად მეზობლები და უხუცესები იყვნენ შეკრებილი. მას, სავარაუდოდ, ხვალ დაკრძალავენ.
19 წლის მაჩალიკაშვილი დღეს დილით, 10 იანვარს, გარდაიცვალა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა.
მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. მარგოშვილი ამბობს, ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ამოღებულია ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს. (სუს-ის ვერსია ჩატაევთან კავშირის და დახმარების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ)
ოპოზიცია და ომბუდსმენი სპეცოპერაციისას ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ კითხვებს სვამენ. სუს-ის განმარტებით, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს.