თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. მარგოშვილი ამბობს, ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.
„გამორთეს აპარატიდან და შვილი მომიკლეს. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს, სპეციალურად აწყობდათ. ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს, ქვეყანა დაექცეს გომელაურს და გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიყვანთ. თუ ცოცხალი ვიქნები, ამას არ შევარჩენ ამ ქვეყანას, ვინც დამნაშავეები არიან.“ - ამბობს მაჩალიკაშვილის დედა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრეს. მას შემდეგ ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.
სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.