ლომჯარია: ყველაფერს გავაკეთებ დასადგენად, გადაამეტეს თუ არა ძალას სპეცოპერაციისას

ტაბულა

სახალხო დამცველი პირობას დებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას სამართალდამცველების მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ. 

"ვიძლევი პირობას რომ მაქსიმალურს ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებ იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს სპეცოპერაციის დროს და ასევე, აღმოეჩინა თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება, გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ამ ახალგაზრდის სიცოცხლე", - თქვა ნინო ლომჯარიამ

თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი მას შემდეგ კომაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

თემირლან მაჩალიკაშვილი სამკურნალოდ თურქეთის ერთერთ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და კლინიკასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თურქეთში გადაყვანას მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები