კრიმინალი

Etihad-ის თვითმფრინავში პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილის ცხედარი იპოვეს

Reuters

ჯაკარტაში ავიაკომპანია Etihad-ის თვითმფრინავში დამლაგებლებმა კაბინის საპირფარეშოში, პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France-Presse ავრცელებს.

ინდონეზიის პოლიციამ დააკავა 37 წლის ქალი, რომელმაც სავარაუდოდ, აბუ დაბი-ჯაკარტას რეისზე თვითმფრინავის ეკონომ-კლასის საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ჩვილი ბორტზე დატოვა. ახალშობილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. 

ავიაკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მგზავრის ორსულობის შესახებ არ იცოდნენ, რადგანაც პირებს ორსულობის ბოლო 10 კვირის განმავლობაში მგზავრობისთვის სპეციალური სამედიცინო სერტიფიკატი ესაჭიროებათ, დაკავებულ პირს კი ასეთი სერტიფიკატი არ წარუდგენია. მეტიც, საავიაციო რეგლამენტის მიხედვით, ორსულობის ბოლო 4 კვირის განმავლობაში პირებს თვითმფრინავით მგზავრობა სრულად ეკრძალებათ.

კომენტარები