ნარკოპოლიტიკა

შსს: ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს წახალისების აღკვეთისა და ჰუმანურობის ბალანსს

ნინო ჯავახაძე
ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა ძალიან კომპლექსური საკითხია და ეს არ არის უბრალოდ დაჭერა-არ დაჭერის საკითხი.

ნინო ჯავახაძემ ნარკოპოლიტიკის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ყველას კარგად გვესმის, ნარკოპოლიტიკა ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ნარკოპოლიტიკა არ არის უბრალოდ დაჭერა-არ დაჭერის საკითხი. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა, როგორც ეს არის განვითარებულ ქვეყნებში, უნდა ეფუძნებოდეს აუცილებელ ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი იყოს დაცული. სხვა მხრივ, ჩვენ მივესალმებით რა თქმა უნდა ეფექტიან ნარკოპოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს. [...] შინაგან საქმეთა სამინისტრო მოწოდებულია ქვეყანაში იყოს ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და კონსულტაციებს გავდივართ დარგის ექსპერტებთან, ჩვენი გუნდის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა საბოლოო პროდუქტის სახით მივიღოთ სწორედ ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა. ამ საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრი გააკეთებს დამატებით განცხადებას უახლოეს დღეებში.", - განაცხადა ჯავახაძემ.

მისივე თქმით, მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა პრიორიტეტია და ე.წ. ქიმიური ნარკოტიკების თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა.

"არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცხადყოფს, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ამ საკითხის გადაწყვეტის დროში გახანგრძლივება კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ე.წ. ქიმიური ნარკოტიკების თვალსაზრისით და "ბიოს" მოხმარებით გამოწვეული ზიანის კუთხით. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამ მხრივ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა ჩვენთვის პრიორიტეტია", - აცხადებს ნინო ჯავახაძე.

შს მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ეხება, ახალი რეალობა შექმნა.

"გასათვალისწინებელია ახალი რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს მარიხუანას მხრივ. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შექმნა ახალი რეალობა, რასაც ჰქვია დეკრიმინალიზაცია მარიხუანას თვალსაზრისით. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი საკანონმდებლო მოწესრიგება გასატარებელი, რათა პრაქტიკაში და კანონმდებლობაში აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები", - ამბობს ჯავახაძე.

ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე საუბარი საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შემდეგ განახლდა. ილია მეორე წერს, რომ "აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით".

საშობაო ლიტურგიის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "იქნებ, ჯობია, ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა". პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი, ეპისტოლეში გაჟღერებული გზავნილები ყურადსაღებია და მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნება.

ნარკოპოლიტიკაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კახა კალაძემაც და აღნიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ.

კომენტარები