უკრაინა-საქართველო

54-ე ბრიგადა: ქართული ლეგიონი არასდროს ყოფილა ჩვენს შემადგენლობაში

Facebook/ 54 окрема механізована бригада

უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე ბრიგადის განცხადებით, "ქართული ლეგიონი", რომელმაც გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 დეკემბერს ბრიგადა სრული შემადგენლობით დატოვა, არასდროს ყოფილა მათ რიგებში. 

"უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის უკრაინის ყველა მეგობარს - უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც გადიოდნენ და კვლავ აგრძელებენ ჩვენს ქვედანაყოფებში მსახურებას. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ცალკე ქვედანაყოფი, სახელწოდებით "ქართული ლეგიონი" 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა. 2016 წელს სხვა ქვეყნის ათობით მოქალაქემ ნებაყოფლობით დადო კონტრაქტი, რომ ემსახურათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მოხდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია, რომელიც ვოლუნტარული და კეთილ ნებაზე დამყარებული ორგანიზაციაა, ხაზს ვუსვამთ, რომ არ დავუშვებთ 54-ე მექანიზებული ბრიგადის სახელის მერკანტილური თუ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს. გამარჯვება ჩვენი იქნება! დიდება უკრაინას!"- წერია 54-ე ბრიგადის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, 5 იანვარს, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართულმა ლეგიონმა 54-ე ბრიგადა დატოვა. განცხადებაში წერია, რომ მებრძოლებმა ასეთი გადაწყვეტილება "მეთაური ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარშემომყოფების არაკომპეტენტურობისა და, ასევე, მათ მიერ გაცემული უკანონო ბრძანებების გამო" მიიღეს. 

იმავე განცხადების მიხედვით, ლეგიონი სულ მალე ჩაატარებს პრესკონფერენციას, სადაც ისაუბრებს ბოლო, 2017 წლის 16 დეკემბერს განხორციელებული ოპერაციის დეტალებზე, რომლის დროსაც ქართული ლეგიონის 11 და ბატალიონის 25 მებრძოლი დაშავდა. 

ამასთან, განცხადებაში დაანონსებულია, რომ გამოქვეყნდება ქართული ლეგიონისა და 54-ე ბრიგადის მეთაურების საუბრის ჩანაწერი, რომლის დროსაც, მათივე თქმით, ბრიგადის მეთაურმა ქართველი მებრძოლების გათავისუფლება მოითხოვა. ამასთან, ქართული ლეგიონის ცნობით, გამოქვეყნდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც, სადაც მათი მისამართით მუქარა ისმის. 

"ქართული ლეგიონი არ აპირებს გაჩუმებას და ჩვენ აუცილებლად გამოვავლენთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, კონკრეტულად კი მეთაური ალექსეი მაისტრენკო, კაპიტანი ხოლმოვსკი და ძმები ფედოსენკოები. ამასთან, გვსურს დავამატოთ, რომ 3 ეროვნებით ქართველი მებრძოლი აღარ არის ქართული ლეგიონის შემადგენლობაში და აღარ წარმოადგენენ ქართულ ლეგიონს,"- წერია განცხადებაში.

კომენტარები