კრიმინალი

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას. მათ უნდა გაეცათ დასკვნა, თითქოს, ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი. სუს-ის ინფორმაციით, მუზეუმის თანამშრომლებმა სანაცვლოდ 7 000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

"2017 წლის 27 დეკემბერს, ამირან დ-მ და ქეთევან დ-მ, ზემოაღნიშნულ პირს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 1 000 აშშ დოლარი გამოართვეს.

2017 წლის 28 დეკემბერს, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცეს დასკვნა, სადაც მიუთითეს, რომ აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი და გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი, 6 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).

კომენტარები