სპეციალური საპოლიციო კონტროლი

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: შსს-ს მიერ პერსონალური ინფორმაციის გაცემას ვსწავლობთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია

საკითხის შესწავლა ინფორმაციის გავრცელების დღესვე დავიწყეთ - ასე ეხმაურება ახმეტაში საპოლიციო კონტროლის დროს დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შსს-ის მიერ ინფორმაციის გავრცელებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

"დაგეგმილია ინსპექტირება, რომლის ფარგლებში დეტალურად იქნება გამოკვლეული დიაგნოზის გასაჯაროების სამართლებრივი საფუძვლები, მიზანი, ასევე კანონით დადგენილი პრინციპების დაცულობა. სამართლებრივ შეფასებას ინსპექტორის აპარატი პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამედიცინო დიაგნოზი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება. კანონი ამ ტიპის ინფორმაციის დაცვისთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს აწესებს და დაუშვებლად მიიჩნევს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გასაჯაროებას პირის თანხმობის გარეშე", - აცხადებენ უწყებაში.

საქმე სპეციალური საპოლიციო რეიდის დროს ახმეტის სოფელ ქისტაურში მომხდარ შემთხვევას ეხება, რომლის დროსაც 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება დასჭირდა. მისი ოჯახის წევრმა თქვა, რომ ღამით, როდესაც მის ძმას, დაზარალებულ ქალს და 1 წლის ბავშვს ეძინათ, ოთახში სპეცრაზმელები შევიდნენ, რომელებიც იარაღს ეძებდნენ. "შიშის გამო ჩაუწყდა ჩემს რძალს კაპილარი", - თქვა მან. 

ქალი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

რეიდიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ქალის მაზლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ქალის ჯანმრთელობის გაუარესება საგამოძიებო მოქმედებას უკავშირდება, "არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად, რადგან სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოქალაქე თ.შ.-ს თავის ტვინში აღენიშნება მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია თავის ტვინში სიმსივნის ზრდით, რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, შემდგომი კომატოზური მდგომარეობით, რისი დაკავშირებაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან შეუძლებელია".

დღესვე, განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საია მიიჩნევს, რომ შსს-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი დაარღვია. ხოლო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტის (IDSD), ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC), კავშირი "საფარისა" და მედიის განვითარების ფონდის (MDF) განცხადებით, შსს-მ თ.შ-ს მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება დაარღვია.

კომენტარები