სპეციალური საპოლიციო კონტროლი

NGO-ები: შსს-მ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით კონსტიტუცია დაარღვია

არასამთავრობო ორგანიზაციები

საია-ს შემდეგ საპოლიციო რეიდის დროს ახმეტის სოფელ ქისტაურში მომხდარ შემთხვევას და მასზე შსს-ის განცხადებას კიდევ 5 ორგანიზაცია ეხმაურება.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), კავშირი „საფარი“ და მედიის განვითარების ფონდი (MDF) შეშფოთებას გამოხატავენ, ვინაიდან შსს-მ თინათინ შენგელიას მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება დაარღვია, რაც ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაში გამოიხატა. ორგანიზაციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე შემოწმება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

საქმე სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს ახმეტის სოფელ ქისტაურში მომხდარ შემთხვევას ეხება, რომლის დროსაც 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება დასჭირდა. მისი ოჯახის წევრმა თქვა, რომ ღამით, როდესაც მის ძმას, დაზარალებულ ქალს და 1 წლის ბავშვს ეძინათ, ოთახში სპეცრაზმელები შევიდნენ, რომელებიც იარაღს ეძებდნენ. "შიშის გამო ჩაუწყდა ჩემს რძალს კაპილარი", - თქვა მან.

ქალი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

რეიდიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იყო გადმოცემული. უწყება აღნიშნავდა, რომ ქალის ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემების გამო ქალის მაზლის მიერ "გაკეთებული განცხადება, რომ შენგელიას ჯანმრთელობის გაუარესება საგამოძიებო მოქმედებას უკავშირდება, არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად".

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის პირად საიდუმლოებას, კერძოდ, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

ორგანიზაციების განცხადებაში ასევე საუბარია სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კანონმდებლობაზე, რომლითაც ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არის დაცული:

"ხსენებული უფლება ასევე დაცულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლითა და „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ გაეროს პაქტის მე-17 მუხლით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი პერსონალურ ინფორმაციას მიაკუთვნებს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

ამავდროულად ხსენებული საკანონმდებლო აქტი პერსონალური მონაცემებისაგან განასხვავებს და დამოუკიდებლად განსაზღვარს „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის“ ცნებას, რომელიც მოიცავს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. ამავე კანონის მე-6 მუხლი კი გამორიცხავს მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროების შესაძლებლობას, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე.

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, „ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. გადაწყვეტილება და პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საქმესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ შორის ის, თუ რა გზით მოიპოვა უწყებამ აღნიშნული ინფორმაცია და ხომ არ იკვეთება სამედიცინო დაწესებულების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფა, ასევე მოითხოვენ შემოწმდეს მისი გასაჯაროების კანონიერება და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

შსს-ს კი მოუწოდებენ, სამომავლოდ თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის ინფორმაციის გასაჯაროებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.

კომენტარები