საპოლიციო კონტროლი

საია: შსს-მ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვა

რადიო ათინათი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია. 

საქმე სპეციალური საპოლიციო რეიდის დროს ახმეტის სოფელ ქისტაურში მომხდარ შემთხვევას ეხება, რომლის დროსაც 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება დასჭირდა. მისი ოჯახის წევრმა თქვა, რომ ღამით, როდესაც მის ძმას, დაზარალებულ ქალს და 1 წლის ბავშვს ეძინათ, ოთახში სპეცრაზმელები შევიდნენ, რომელებიც იარაღს ეძებდნენ. "შიშის გამო ჩაუწყდა ჩემს რძალს კაპილარი", - თქვა მან. 

ქალი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ის დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

რეიდიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ქალის მაზლის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ქალის ჯანმრთელობის გაუარესება საგამოძიებო მოქმედებას უკავშირდება, "არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად, რადგან სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოქალაქე თ.შ.-ს თავის ტვინში აღენიშნება მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია თავის ტვინში სიმსივნის ზრდით, რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, შემდგომი კომატოზური მდგომარეობით, რისი დაკავშირებაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან შეუძლებელია". 

საია მიუთითებს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, რომელთა დამუშავებისთვისაც კანონი განსაზღვრავს მაღალ სტანდარტს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს ასევე სპეციალურ/განსაკუთრებულ კატეგორიად აღიარებს ევროპის საბჭოს კონვენცია „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ.“ შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში.

"მართალია, ობიექტური გამოძიებისათვის აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესწავლა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან მოცემულ საქმეში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროება არ არსებობდა. საქმისადმი მაღალი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც, სამინისტროს მხრიდან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გამჟღავნება, კონკრეტული დაავადებისა თუ სამედიცინო პრობლემის მითითების გარეშე, საკმარისი იქნებოდა საზოგადოების ინფორმირების მიზნით", - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონით დადგენილი წესით და სათანადო ყურადღებით მოეკიდოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების დამუშავებასა და გასაჯაროებას;

ორგანიზაცია მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც, შეისწავლოს ეს შემთხვევა და გამოიყენოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები.

კომენტარები