საპოლიციო კონტროლი

შსს რეანიმაციაში მოხვედრილ ქალზე: მისი მდგომარეობა საპოლიციო რეიდს არ უკავშირდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 დეკემბრის საპოლიციო კონტროლის გამო რეანიმაციაში მოხვედრილი ქალის ფაქტზე განცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, 21 დეკემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორის შუამდგომლობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ჩხრეკის ჩატარების თაობაზე განჩინება გასცა, რის შედეგადაც მეორე დილით 08:00 საათზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ქისტაურში, მოქალაქე დ.ხ.-ს სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. 

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა მოქალაქე დ.ხ.-ს შეტყობინება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოიკითხნენ დ.ხ. და მისი ოჯახის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის არაერთი მოსამსახურე, დაზუსტდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რითაც ირკვევა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ყოველგვარი იძულებისა და ძალადობის გარეშე, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმი. ამასთან, იმავე დღეს მოხდა საქმეზე მოქალაქე დ. ხ.-სა და მისი ოჯახის წევრების მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია გააჩნიათ. ამოღებულია ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა.

პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დ.ხ.-ს რძლის - თ.შ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან, ამ ეტაპზე არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად, რადგან სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოქალაქე თ.შ.-ს თავის ტვინში აღენიშნება მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია თავის ტვინში სიმსივნის ზრდით, რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, შემდგომი კომატოზური მდგომარეობით, რისი დაკავშირებაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან შეუძლებელია,"- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


22 დეკემბერს საპოლიციო რეიდის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა ახმეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრები 31 წლის თინათინ შენგელია. ის ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ოჯახი ახმეტის პოლიციის თანამშრომლების დაკითხვას ითხოვს. 

"გავიღვიძე, ვიღაცები დაბოდიალობენ შიგნით. ვერ მოვედი აზრზე ახალგამოღვიძებული რა ხდებოდა. ირონიულად, დამახინჯებული სახელით მომმართავდნენ. ჩემს რძალს, ძმას და 1 წლის ბავშვს სადაც ეძინათ, იქ ატრიალებდნენ თურმე ამ რაღაცებს, აწიოკებდნენ. ეს ხალხი რომ დაინახა, შიშის გამო ჩაუწყდა ჩემს რძალს კაპილარი", - ამბობს თინათინ შენგელიას მაზლი. 

ხოსიაშვილების სახლში შსს-ის თანამშრომლები დასათვალიერებლად 22 დეკემბერს, გამთენიისას შევიდნენ, ისინი იარაღს ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ ამ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა, ნათქვამია, რომ "ოჯახის წევრი ერთ-ერთი ქალბატონი შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, შეუძლოდ გახდა". ეს თინათინ შენგელიას ოჯახის წევრის მონათხრობს ეწინააღმდეგება. 

კომენტარები