საპოლიციო კონტროლი

ხოშტარია: მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ გამოიყენებთ რეიდებს

facebook.com/pg/tbilisimayor

ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას რეიდებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ხოშტარიას თქმით, ყოველ ჯერზე რეიდებს თან სდევს პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, რასაც ზვიად რატიანის ცემის საქმეც ადასტურებს.

"ერთის მხრივ ცალსახად კარგია, რომ ახალი მინისტრი კრიმინოგენურ ვითარების დამძიმებას არ აბრალებს მედიას და საზოგადოებას. რეალურად მან აღიარა რომ ქვეყანაში ეს გამოწვევა არის. თუმცა ის ფორმები როგორც დაიწყო სამინისტრომ ამ კრიმინალთან ბრძოლა და კონკრეტულად ვგულისხმობ  ე.წ. რეიდებს არის აბსოლუტურად არაეფექტური და უარესიც და შეიცავს დიდ რისკს, რადგანაც მას ადამიანთა უფლებების დარღვევა სდევს თან.

ასეთი გზებით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავამძიმებთ ვითარებას, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული შემთხვევა, რომელიც იყო პოეტთან მიმართებით, როდესაც პოლიციამ ძალიან უხეშად დაარღვია მისი უფლებები და პოეტის გარდა უამრავი შემთხვევები იყო მსგავსი, იმიტომ რომ რეიდი მოიცავს უკვე ამ საშიშროებას, ამ საფრთხეს. ამიტომ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს ნუ მიმართავს რაღაც ძველ, დრომოჭმულ მეთოდებს", - ამბობს ხოშტარია.

გიორგი გახარია ზვიად რატიანის ცემის ფაქტს "სამწუხარო შემთხვევას" უწოდებს და ამბობს, რომ "თუ დადასტურდება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, ამას დეტალურად გამოიძიებს პროკურატურა და თითოეული პოლიციელი აგებს პასუხს, თუმცა, ამავე დროს, ზვიად რატიანსაც მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა და ახსნა-განმარტების გაკეთება."

ქვეყანაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი რეიდის დროს პოლიციამ 36 ათასი პირი გადაამოწმა.

კომენტარები