რუმინეთი

რუმინეთის ყოფილი მონარქი მიჰაი I სამეფო წესით დაკრძალეს

AP

რუმინეთის ყოფილი მონარქი მიჰაი I სამეფო წესით დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესია 16 დეკემბერს ბუქარესტში გაიმართა, თუმცა მეფე დედაქალაქში არ დაუკრძალავთ. მიჰაის ცხედარი მატარებლით რუმინეთის ცენტრალურ ქალაქ კურტია-დე-არჯეშში წაიღეს და მეუღლის, დედოფალ ანა დე ბურბონ-პარმეს გვერდით დაასვენეს.

პროცესიას ბუქარესტში პრინცი ჩარლზი, ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან-კარლოსი და დედოფალი სოფია, შვედეთის მეფე კარლ XVI და დედოფალი სილვია, ბელგიის პრინცესა ასტრიდი და ევროპული სამეფო ოჯახების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის მიჰაი I-ის ოჯახის წევრებიც, 5 ქალიშვილი და 1 შვილიშვილი. სამეფო დაკრძალვაზე დასასწრებად ბუქარესტის ქუჩებში ათიათასობით რუმინელიც გამოვიდა.


ფოტო: პრინცი ჩარლზი და დედოფალი სოფია - AP

მიჰაი I რუმინეთის მეფის ტახტზე ორჯერ ავიდა. პირველად 1927-1930 წლებში, მეორედ კი 1940-1947 წლებში. 1944 წელს მონარქმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, შეუერთდა მოკავშირეებს და ომი გამოუცხადა ნაცისტურ გერმანიას. სამი წლის შემდეგ რუმინეთის კომუნისტმა ლიდერებმა მიჰაი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო. ის შვეიცარიაში გადაასახლეს და სამშობლოში შესვლა აუკრძალეს. მონარქმა რუმინეთის მოქალაქეობა მხოლოდ 1997 წელს დაიბრუნა.

რუმინეთის უკანასკნელი მონარქი 95 წლის ასაკში შვეიცარიაში 2017 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები