აფგან მუხთარლის საქმე

ომბუდსმენი: ბინადრობაზე უარით ლეილა მუსტაფაევას კანონიერი ინტერესები ხელყოფილია

ლეილა მუსტაფაევა
ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 2016 წელს ლეილა მუსტაფაევასთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი ადმინისტრაციულმა ორგანომ დააფუძნა არა საქმეში გამოკვეთილ სამართლებრივ საფუძველს, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტს, რომლის არსებობა ამ საქმეზე არ დადასტურდა.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამან სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამო დასაბუთება გამოიწვია, რამაც არსებითად ხელყო ლეილა მუსტაფაევას კანონიერი ინტერესები.

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ლეილა მუსტაფაევასთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება საკუთარი ინიციატივით შეისწავლა.

ომბუდსმენი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის შესწავლისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითხოვს.

"რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აისახოს და დასაბუთდეს მართებული, რელევანტური სამართლებრივი საფუძველი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტი მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებსა და შემთხვევებში იქნას გამოყენებული", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციითვე, ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეკომენდაციით უკვე მიმართეს.

ლეილა მუსტაფაევა აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლია. მუხთარლი 29 მაისს, საქართველოდან გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, გატაცებულის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ როცა მას ტომარა მოხსნეს, აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

აფგან მუხთარლის გატაცებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, რომ ლეილა მუსტაფევასა და მის შვილებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. მუსტაფაევამ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ცხოვრების უფლება ერთი წლის წინ მოითხოვა, რაზეც უპასუხეს, რომ "თქვენ სახიფათო საქმეებით ხარ დაკავებულიო და უარი მითხრეს".

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები