განათლების სისტემა

პრეზიდენტი: მანდატურის სამსახური არ შეიძლება იყოს სამართალდამცავი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, სკოლაში აგრესიის დაძლევაში გარდატეხის შეტანა მხოლოდ მასწავლებლებს შეუძლიათ. გიორგი მარგველაშვილის აზრით, ამისათვის საჭიროა მასწავლებლების გაძლიერება და მათი ავტორიტეტის ამაღლება. მისი თქმით, მანდატურის სამსახური სკოლაში სამართალდამცავი ვერ იქნება.

"აგრესია და ბოროტება დაითრგუნება არა აგრესიით, არამე სიყვარულით და გაზიარებით. დღეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ საჭიროებას, რომ ჩვენ უფრო მეტად ლმობიერი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და სწორედ, ლმობიერი აღზრდის ფორმით გადავწყვიტოთ საკითხები, რომლებიც ჩვენს წინაშე დადგა.

პატივცემულო პრემიერმინისტრო და მინისტრო, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია სკოლაში. მე, როგორც განათლების ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი, მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც მათი გადაწყვეტაა შესაძლებელი, არის მასწავლებლის გაძლიერება და მისი ავტორიტეტის ამაღლება საზოგადოებაში. მხოლოდ ეს მოახერხებს რეალობის გარდატეხას და შეცვლას" - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მკვლელობის ტრაგედიაზე მსჯელობის ტექსტი ხშირად აგრესიულია.

"ამის დაძლევის ერთადერთი ფორმა სიყვარულზე და ერთმანეთისათვის გაზიარებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა, რასაც სკოლაში მასწავლებლები ატარებენ. მასწავლებელი ის ერთადერთი რესურსია, რომელიც ცვლის განწყობას სკოლაში.

აქვე მინდა მანდატურის სამსახურზეც გითხრათ. საბედნიეროდ, მაშინდელი ტენდენცია, რომ მანდატურის სამსახური დახურულიყო, არანაირად არ იქნა გაზიარებული და მე შევინარჩუნე ეს სამსახური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლისთვის. მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ მანდატურის სამსახური არის სკოლის, მასწავლებლის დამხმარე და არ შეიძლება იყოს სამართალდამცავი, ის ვერ იქნება სკოლის შიგნით სამართალდამცავი" - განაცხადა პრეზიდენტმა და საქართველოს პატრიარქსაც მიმართა.

"მე იმედი მაქვს, რომ ამ ტენდენციებით, ამ სულისკვეთებით, და თქვენი ლოცვა-კურთხევით თქვენო უწმინდესობავ, თქვენს ქადაგებებში ასე სწორად ორიენტირებული ღირებულებებით, ჩვენ შევძლებთ ამ აგრესიის დაძლევას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი საპატრიარქოში პრემიერთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციის უფროსთან და მრჩევლებთან ერთად ერთად იმყოფებოდა. საპატრიარქოში თეოლოგიის მიმართულებით პირველი სადოქტორო დისერტაციის - "ეკლესიის მამათა ჰექსენომერული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი" - დაცვა საზეიმოდ აღნიშნეს.

კომენტარები