სკოლა

რუსთავში, მანდატურმა მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა

ტელეკომპანია ქვემო ქართლი

რუსთავის N18 საჯარო სკოლაში მანდატურმა მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა. სკოლის მანადატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.  

"მანდატურმა უცნაური ხმა გაიგო და მოსწავლე შეამოწმა. მე-10-კლასელ ბიჭს ე.წ. ელექტროშოკის პატარა აპარატი აღმოაჩნდა. მანდატურმა და სკოლის ადმინისტრაციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და მოსწავლეს აპარატი ჩამოართვეს“, - განუცხადეს ინტერპრესნიუსს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

სკოლის დირექტორის ნატალია ჯავახიშვილის ინფორმაციით, მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკი მანდატურმა სკოლის გარეთ აღმოუჩინა, რის შემდეგაც ის შენობაში შეიყვანეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

"მანდატურმა შეამჩნია, რომ მე-10 კლასის მოსწავლეს, რომელიც არის მეორე ცვლაში, ეკავა მანათობლის მსგავსი ნივთი, რომელიც ხმას გამოსცემდა. შემოიყვანა ეს მოსწავლე ოთახში, დამიძახეს მეც და ვთხოვე, რომ გამოეძახებინა საპატრულო პოლიცია. მოვიდა ადგილზე საპატრულო პოლიცია, რომელმაც დაადგინა, რომ ეს ნივთი იყო ელექტროშოკი. ჩვენ თავადაც გაოგნებული ვართ მსგავსი ფაქტით“, - განაცხადა დირექტორმა ქვემო ქართლის ტელევიზიასთან საუბარში.

კომენტარები