სკოლა

სასწავლო წელი იწყება - როგორ შევამზადოთ ბავშვი განსხვავებული რეჟიმისთვის

სასწავლო წელი მალე დაიწყება. ბავშვებისთვის რთულია გრძელი, დიდწილად უსაქმური საზაფხულო არდადეგების შემდეგ დილაუთენია ადგომა და ყურადღების მობილიზება, თუმცა, შეგიძლიათ, თქვენს შვილს განსხვავებულ რეჟიმზე გადასვლა გაუმარტივოთ.

როგორ? თვალი გადაავლეთ რჩევებს, რომელსაც parenting.com-ის ერთერთი ავტორი გვთავაზობს:

შეცვალეთ ბავშვის ბილოგიური საათი

მნიშვნელოვანია, სკოლის დაწყებამდე, ბავშვს ზაფხულში შეცვლილი ძილის გრაფიკი გამოუსწოროთ. ეს შეიძლება შემდეგნაირად გააკეთოთ:

დაარწმუნეთ: თუ ბავშვი დასაძინებლად წასვლას სასჯელად აღიქვამს, ის ამის თავიდან არიდებას შეეცდება. მაგრამ, თუ ესმის, რომ ძილი მისთვის კარგია, მაგალითად ვარჯიშივით, ნაკლებ წინააღმდეგობას გაწევს. კარგია, თუ ეტყვით, რომ მასთან ერთად თქვენც აპირებთ თქვენი გრაფიკის შეცვლას. ან შეატყობინებთ, რომ საღამოს ძალიან მოსაწყენი გეგმები გაქვთ - როგორიცაა სახლის ლაგება ან მის მეორე მშობელთან ჯანდაცვის რეფორმაზე საუბარი.

გამოთვალეთ: იმ დროიდან, როდესაც ბავშვს დილით სკოლაში წასვლისთვის ადგომა მოუწევს, უკან დაახლოებით 9 საათი გადათვალეთ. ასე გაიგებთ, როდის უნდა დაიძინოს ბავშვმა, როცა სკოლა დაეწყება. გამოთვლილ დრომდე 10 ან 20 წუთით ადრე ბავშვი საწოლში დააწვინეთ.

გადაწიეთ დაძინებისა და გაღვიძების დროები: თუ არდადეგებისას ბავშვი გვიან წვებოდა, სკოლის დაწყებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე, ყოველ ორ-სამ დღეში ეს დრო 20 წუთით ადრე გადმოსწიეთ. ნუ შეეცდებით, ბავშვმა გაცილებით ადრე დაიძინოს, ვიდრე მანამდე - ის უბრალოდ ფხიზელი და იმედგაცრუებული იწვება. პარალელურად, დილით იმ დროს გააღვიძეთ, რა დროსაც სკოლისთვის გაღვიძება მოუწევს - ასე საღამოს ძილი უფრო მოეკიდება.

მიეცით სტიმული: როდესაც ბავშვს გააღვიძებთ, უფლება მიეცით, მაშინვე ითამაშოს კომპიუტერული თამაში ან უყუროს ტელევიზორს - რამდენიმე დღით მაინც. ასე საწოლიდან ადგომის სტიმულს მისცემთ და სკოლის დაწყებამდე, მისი ორგანიზმი გაღვიძების ახალ დროს შეეჩვევა.

არ დააძალოთ: სკოლაში წასვლის წინა ღამეს ბავშვი შესაძლოა ზედმეტად აღზნებული იყოს იმისთვის, დრომ დროულად დაიძინოს. არაფერი დაშავდება, თუ ერთი ღამით ის ძილს მოიკლებს.

შეუქმენით შესაბამისი სამუშაო გარემო

ზაფხულის შემდეგ, ბავშვის საწერი მაგიდა ხშირად სავსეა სათამაშოებით, ფურცლებით, მოსროლილი ტანსაცმლით და ხარახურით. ეს, ცხადია, მობილიზებას ხელს არ უწყობს. უფლება მიეცით, სამეცადინო კუთხე თავად მოიწყოს - ის, რაც თქვენვის კარგია, მას, შესაძლოა, სულაც არ მოსწონდეს. ბავშვი ცარიელ მაგიდასთან დასვით, თხოვეთ, თვალები დახუჭოს და ჩამოთვალოს საშინაო დავალებების შესასრულებლად საჭირო ნივთები (ფანქრები, წიგნები, კალკულატორი, კომპიუტერი, სასმელი და სასუსნავებიც კი). შემდეგ თხოვეთ, ხელი დაადოს ადგილს, სადაც ამა თუ იმ ნივთს მოათავსებდა - სწორედ ასე შექმნით მისთვის იდეალურ სამუშაო გარემოს.

გაუმკლავდით ფრაზას „არ მინდა სკოლაში წასვლა“

თუ ბავშვი ამას გეუბნებათ, პასუხად „სკოლაში სიარული კანონის მოთხოვნაა“ - არ გამოდგება. ფრთხილად გამოკითხეთ, კონკრეტულად რა მიზეზი აქვს და არ დასჯერდეთ პასუხს „ყველაფერი“. იმისდა მიხედვით, თუ რა მიზეზს გეტყვით, შემდეგნაირად მოქცევა სჯობს:

მიზეზი - არ მინდა, ზაფხული დამთავრდეს: რა გასაკვირია? დაეხმარეთ, მოვლენები პერსპექტივაში აღიქვას - ის, რომ რაიმე კარგი მთავრდება, არ ნიშნავს, რომ სკოლა ცუდია. თუ შეახსენებთ სკოლის იმ ასპექტებს, რაც გასულ წელს მოსწონდა - მეგობრები, კლუბები, კონკრეტული საგნები - ეს დაგეხმარებათ.

მიზეზი - უფროსი ბავშვები ამბობენ, რომ სკოლა არ ვარგა: შესაძლოა, ბავშვს ეშინოდეს, რომ უფროსკლასელების თვალში ცუდად გამოჩნდება, ამიტომ, თავადაც მათ ნათქვამს იმეორებდეს. ჰკითხეთ: „მართლა არ მოგწონს სკოლა, მთელი დღე, ყოველ დღე?“. სავარაუდოდ, ის შეძლებს, დაასახელოს ზოგიერთი ასპექტი, რომელიც მოსწონს. თქვენ კი შეახსენეთ, რომ თავი არ უნდა დაირწმუნოს, თითქოს რაღაც არ მოსწონს, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვების შეხედულებებს მოერგოს.

მიზეზი - მეშინია მეცადინეობის: უთხარით, რომ სკოლის პირველი 6 კვირა მხოლოდ მოთელვაა და ამაში თქვენც დაეხმარებით. თუმცა, ისეც არ ქნათ, რომ სამეცადინოსთან გამკლავება დაუძლეველ ამოცანად დაუსახოთ - უთხარით, რომ „კი, მათემატიკა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ რამე გზით გავუმკლავდებით“.

მიზეზი - ვნერვიულობ, რომ მეგობრები არ მეყოლება/ბულინგი იქნება/მარტო ჭამა მომიწევს: სოციალური წუხილები ბავშვის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს და შეიძლება სკოლის დაწყებასთან დაკავშირებული შფოთიც გამოიწვიოს. თუ წინა წელს რაიმე არასასიამოვნო მოხდა, ბავშვები ელიან, რომ იგივე განმეორდება. მშობელს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია - გაიგეთ, იქნება თუ არა მისი მეგობარი კლასში პირველ დღეს. თუ არა - შეამზადეთ ამისთვის, ისაუბრეთ, ვისთან ერთად შეუძლია წაიხემსოს, დაგეგმეთ სკოლის შემდგომი დღე. შეეცადეთ, სკოლის დაწყებამდე შეახვედროთ იმ თანაკლასელებს, ვინც მოსწონს. რაც მეტი იცის იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს, ბავშვი მით უკეთ გრძნობს თავს.

გაიცანით მასწავლებელი

სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაიცანით მასწავლებელი, თუ ის ახალია და ჯერ კიდევ არ იცნობთ - შეატყობინეთ, თუ თქვენი შვილი განსაკუთრებით სენსიტიურია რაიმეს მიმართ ან სპეციალური გარემოს შექმნა სჭირდება.

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

კომენტარები