საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელევიზორისა და ელექტროხერხის მოპარვის ბრალდებით მცხეთაში ორი პირი დააკავეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ 1976 წელს დაბადებული გ.გ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ტ. სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ტელევიზორი და ელექტროხერხი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან 3 საათში, მცხეთაში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).