სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პროკურატურამ მკვლელობის დამალვისთვის 5 პირი სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

თბილისის პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი "წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი - თ.კ., მ.კ., ლ.კ., გ.შ. და ზ.წ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა."

პროკურატურის ინფორმაციით, ისინი მტკიცებულებების გადამალვას შეეცადნენ და არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას შეუწყვეს ხელი. აღნიშნულ პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით წარედგინათ, რაც დანაშაულის დამალვას გულისხმობს.

"ბრალდებულთაგან 3 პირი დაკავებულია, ხოლო 2 პირის მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რის გამოც მათი დაკავება არ მოხდა. კერძოდ, ერთი მათგანი არის 17 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მის დაკავებას, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით." - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს არასრულწლოვნებმა იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს დღეს, 4 დეკემბერს, ჩაბარდა. 

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია აქ.

 

კომენტარები