სტრუქტურული რეორგანიზაცია

სუს-ისა და დაზვერვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ უკან გაიწვია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვის სამსახური აღარ გაერთიანდება. შესაბამისი კანონპროექტის უკან გაწვევის თხოვნით მთავრობამ ბიუროს მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ ცვლილებების პაკეტში შემავალი 112 პროექტიდან 12 უკან არის გაწვეული. 

”გაწვეულია მთელი რიგი კანონპროექტებისა. მთლიანობაში პაკეტში შედიოდა112 პროექტი და 12 აქედან გაწვეულია. ერთერთი შეეხება დაზვერვის სამსახურს. საუბარია იმაზე, რომ დაზვერვის სამსახური უნდა შეერთებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუმცა ამასთან დაკავშირებით შედგა საპარლამენტო კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქნას გაწვეული შესაბამისი ნაწილი პაკეტის,” -  ამბობს ირაკლი კობახიძე. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ  ცვლილებების პაკეტის განხილვა, პარლამენტში გადაიდო. ირაკლი კობახიძის თქმით, გადადების მიზეზი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, აზრთასხვადასხვაობა იყო და განხილვა კონსულტაციების შემდეგ გაგრძელდებოდა. როგორც რამდენიმე დღის წინ კობახიძემ თქვა, აზრთასხვადასხვაობა დაზვერვის სამსახურსა და გარემოს დაცვის სამინისტროს საკითხებთან დაკავშირებით იყო. თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს შესახებ კანონ-პროექტში იგივე ჩანაწერი რჩება, რომლის მიხედვითაც ის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთიანდება. 

კომენტარები