უკანონო ნადირობა

ადამიანი, ვინც მოკლული ტყის კატის ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა, შესაძლოა დაჯარიმდეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ინფორმაციით, ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე მოკლულ ტყის კატასთან ერთადაა ასახული, მყისიერი რეაგირება მოახდა - პირის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის ცხოველთა სამყაროს კონტროლის განყოფილების ინსპექტორები დაუკავშირდნენ ფოტოზე ასახულ პირს და ჩამოართვეს ახსნა-განმარტება. მოქალაქის განმარტებით, მან, მონადირე ძაღლის მეშვეობით, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, ტყეში, მოინადირა ტყის კატა (Felis silvestris) და ამ ამბის ამსახველი ფოტო ფეისბუქის პირად გვერდზე განათავსა.

ნადირობის წესების დარღვევის ფაქტზე, მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ასკ 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით. გარდა ამისა, დაანგარიშდა ასევე ერთი ერთეული ტყის კატის სახეობის ცხოველის უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანიც", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ონფორმაციით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, სასამართლოს გადაეგზავნება.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-12 ნაწილი ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას ნადირობის წესების დარღვევას გულისხმობს და დამტიცების შემთხვევაში, "გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ".

კომენტარები