პირბადეების აქცია

კალაძე: აქცია კრეატიული იყო, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში

Facebook: Kakha Kaladze

თბილისის მერი ე.წ. პირბადეების აქციას, რომლის ფარგლებშიც ძეგლებს სამედიცინო ნიღბები გაუკეთეს, კრეატიულს უწოდებს. კახა კალაძე ასევე აცხადებს, რომ მერიაში შესული პირველადი ინფორმაციის გათვალისწინებით, ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის რეაქცია ნორმალური იყო.

კალაძის განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

"გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, რომ თითქოს, ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული  და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათაშორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეკოლოგიის კუთხით თბილისში პრობლემები არსებობს, თუმცა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

გუშინ, 29 ნოემბერს, თბილისში ძეგლებს სამედიცინო ნიღბები გაუკეთეს. კამპანია, სავარაუდოდ, ეკოლოგიურ სისუფთავეს ეხება. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ დგას კამპანიის უკან. ტაბულაში მოსული ანონიმური წერილის მიხედვით, პეფომანსის ავტორები "ჟანგბადის ნინძები" არიან.

"სოციალურ აქტს თავის თავზე იღებენ "ჟანგბადის ნინძები" - ვითხოვთ სუფთა ჰაერს ქალაქში! ეს მხოლოდ დასაწყისია...ნიღბებს ჩვენ თვითონ მოვხსნით 3 დღეში", - აღნიშნულია წერილში.

აღსანიშნავია, რომ აქციის შესახებ განცხადება გააკეთა თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ და თქვა, რომ თბილისში ძეგლებისთვის სამედიცინო პირბადეების გაკეთება საზოგადოების შეურაცხყოფაა და სათანადო რეაგირება მოჰყვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით კი, დადგინდა, რომ ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

კომენტარები