პირბადეების აქცია

შსს: ე.წ პირბადეების აქცია დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, გამოძიებას არ ვიწყებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, უწყებას ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყია. შსს-ს ცნობით, დადგინდა, რომ ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურულ ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს. აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა. დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს" - აცხადებს შსს.

თბილისში ძეგლებს პირბადეები დღეს გაუკეთეს. კამპანიის უკან "ჟანგბადის ნინძები" დგანან. ამის შესახებ ტაბულამ ანონიმური წერილი მიიღო.

"ვითხოვთ სუფთა ჰაერს ქალაქში. ეს მხოლოდ დასაწყისია... ნიღბებს ჩვენ თვითონ მოვხსნით 3 დღეში" - ნათქვამია წერილში.

თბილისის მერის მოადგილემ ამ კამპანიას "ძეგლების შეურაცხყოფა" უწოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

კომენტარები