აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ახალი რაკეტის გამოცდის გამო სანქციების გაზრდით ემუქრება

AP

ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო, რომელსაც პოტენციურად აშშ-ის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლია, დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციების დაწესებით დაემუქრა.

აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის გამოსვლა მოჰყვა. ჰეილის თქმით ამ ტესტმა ომთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა, და ეს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს დაასრულებს.

ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ესაუბრა "ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ ქმედებებზე" და დაჰპირდა, რომ ჩრდილოეთ კორეას დამატებით სანქციებს დაუწესებდნენ. ნიკი ჰეილის თქმით ტრამპმა სი ძინპინს განუცხადა, რომ ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას ნავთობის მიწოდება მთლიანად უნდა შეუწყვიტოს.

ჰეილიმ ყველა ქვეყანას ჩრდილოეთ კორეასთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტისაკენ მოუწოდა.

მისი თქმით აშშ-ს ომი არ სურს, მაგრამ "თუ ომი მოხდება, ეს იქნება იმ გახანგრძლივებული აგრესიის გამო, რაც ვიხილეთ გუშინ და თუ ომი მოხდება ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი სრულად განადგურდება."

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჰეილის ამ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მოსკოვი ნეგატიურად უყურებს აშშ-ის მოწოდებას სხვა ქვეყნებისადმი ჩრდილოეთ კორეასთან ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გამო კავშირის გაწყვეტის თაობაზე.

კომენტარები