საუდის არაბეთი

კორუფციაში ბრალდებული საუდის არაბეთის პრინცი $1 მილიარდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Reuters

საუდის არაბეთის პრინცი მუტაიბ ბინ აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, ვინც ტახტის მემკვიდრის ერთ-ერთ კანდიდატურადაც განიხილებოდა, სახელმწიფოსათვის ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

65 წლის მუტაიბი გარდაცვლილი მეფის, აბდულას შვილია და ეროვნულ გვარდიას ედგა სათავეში. ის ტახტის მემკვიდრის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მიერ დაწყებული კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებულ პრინცებს და მინისტრებს შორის მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით მან გათავისუფლების გარიგების ფარგლებში კორუფციული კავშირებიც აღიარა. 

გასულ კვირას New York Times-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა თქვა, რომ დაკავებული ბიზნესმენების უმრავლესობა სახელმწიფოსთან შეთანხმებაზე უარს ამბობს.

გავრცელებული ინფორმაციით მუტაიბ ბინ აბდულას გარდა სახელმწიფოსთან შეთანხმებას კიდევ სამმა კორუფციაში ბრალდებულმა პირმა მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში ახალმა ანტიკორუფციულმა ორგანომ, რომელსაც ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს, 11 პრინცი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი დააკავა. მოულოდნელი წმენდა საუდის არაბეთში მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენციიდან ორიოდე კვირის თავზე მოხდა.

დაკავებულთა შორის არიან ალვალიდ ბინ თალალი, მილიარდერი პრინცი, რომელსაც მსხვილი ინვესტიციები აქვს მათ შორის Twitter-სა და Apple-ში, ასევე ფლობს წილებს რუპერტ მერდოკის მედია კორპორაციაში, სითიგრუპ ბანკში, Four Season-ის სასტუმროების ქსელში და სხვა, ვალიდ ალ-იბრაჰიმი - საუდის არაბეთის სატელიტური სატელევიზიო არხის Al Arabiya-ს მფლობელი და სხვები.

პრინცების და ბიზნესმენების ნაწილი დედაქალაქში, რიც კარლტონის სასტუმროში ყავთ დაკავებული.

საუდის არაბეთის მმართველობა კორუფციის ბრლდებით დაკავებულ პრინცებთან და ბიზნესმენებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. გავრცელებული ცნობით მათ თავისუფლების სანაცვლოდ ზოგიერთ შემთხვევაში ქონების 70%-ის მთავრობისთვის გადაცემას სთავაზობენ.

ზოგიერთი მოსაზრებით მსგავსი პოლიტიკით საუდის არაბეთი ნავთობის დაბალი ფასებით გამოწვეული ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას და 300 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხის ამოღებას აპირებს.

კომენტარები