ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის პატიმრობა პრობლემურია - იურისტების შეფასება ექსპრემიერის საქმეზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტების) დარღვევა დაადგინა და მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

იურისტები ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის პატიმრობას მეტად პრობლემურს ხდის, ვინაიდან დიდმა პალატამ სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკავშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან.

იურისტ გიორგი მშვენიერაძის თქმით, ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვება ის განსაკუთრებული ეპიზოდი იყო, რომლითაც აშკარა ხდებოდა ხელისუფლების ნება, თავიდან მოეშორებინათ პოლიტიკური ოპონენტი და პატიმრობა არა მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, არამედ პოლიტიკური პროცესისთვის გამოეყენებინა.

“კარგია, რომ ეს პოზიცია და სიმართლე, რომელიც ბატონი მერაბიშვილის მხარეს იყო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზედა პალატამაც გაიზიარა. ახლა ხელისუფლებას მოქმედებებით აქვს პასუხი გასაცემი ამ გადაწყვეტილებაზე, რათა გამოისყიდონ ის დანაშაული თუ ცოდვა, რაც მათ ამ საქმეში მიუძღვით”, - ამბობს მშვენიერაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან სწორი ქმედება ერთი მხრივ, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების ჩატარება, მეორე მხრივ კი ყოფილი პრემიერმინისტრის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება.

“ზოგადად, ევროპული სახელმწიფოები იქცევიან ასე, რომ როცა ევროპული სასამართლო ადამიანს პოლიტიკურ პატიმრად შერაცხავს, ადეკვატური და ლოგიკური მოქმედება ყოველთვის ამ ლაქას ჩამორეცხვის მცდელობაა: ერთი მხრივ, სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, რა ხდებოდა მათ შორის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, რასაც პირდაპირ უკავშირებდა და არგუმენტად იყენებდა ევროპული სასამართლო წინა გადაწყვეტილებაში და მეორე მხრივ, ასეთ შემთხვევაში, ევროპული ღირებულებების მქონე ლიდერები მოქმედებენ ისე, რომ ასეთ პირებს პატიმრობიდან ათავისუფლებენ”, - ამბობს მშვენიერაძე.

კიდევ ერთ იურისტის, დავით ჯანდიერის შეფასებით კი, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2016 წლის გადაწყვეტილების გასაჩივრება სახელმწიფოს მხრიდან არასწორი საქციელი იყო, ვინაიდან ახლა კიდევ ერთხელ, უფრო მაღალი ლეგიტიმაციით დადასტურდა ერთი წლის წინ გაკეთებული დასკვნების სისწორე. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის დღევანდელი გადაწყვეტილება “ძალიან მძიმე შეფასებაა”.

“პირველი ასპექტი, რასაც ევროპული სასამართლო ეყრდნობა, არის ის, რომ თავდაპირველად ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი და სისხლის სამართლებრივ მიზნებს ემსახურებოდა. მეორე გარემოება მდგომარეობს იმაში, რომ 2013 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა დადგა შუამდგომლობა გათავისუფლების შესახებ, უარი სათანადოდ დასაბუთებული არ იყო, ანუ გაჩნდა ხარვეზი მისი პატიმრობაში ყოფნის კანონიერებასთან დაკავშირებით, მესამე კი არის ის, რომ 2013 წლის დეკემბრის შემდეგ მისი პატიმრობის მიზანი შეიცვალა. ეს არის ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც დიდმა პალატამ გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ 2013 წლის დეკემბრის შემდეგ ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა არ ისახავს იმ მიზანს, რისთვისაც ის თავის დროზე კანონიერად იქნა დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მძიმე შეფასება ევროპული სასამართლოსი. ამ გადაწყვეტილების მიხედვით ვანო მერაბიშვილის საპატიმროში ყოფნაც პრობლემურია”, - ამბობს დავით ჯანდიერი.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები