სტრუქტურული ცვლილებები

რა ერქმევათ შეერთებულ სამინისტროებს

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობამ პარლამენტში გააგზავნა სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც 4 უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება. ცვლილების შედეგად ქვეყანაში მოქმედი სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება. საინტერესოა, რომ უწყებების დასახელებებიდან ზოგიერთი სიტყვა, მაგალითად ენერგეტიკის და ახალგაზრდობის საერთოდ ქრება.

სამინისტროების ჩამონათვალი ცვლილებების შემდეგ ასეთი იქნება:

  1. განათლებისა და მეცნიერების
  2. გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
  4. თავდაცვის
  5. იუსტიციის
  6. კულტურისა და სპორტის
  7. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
  8. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
  9. საგარეო საქმეთა
  10. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
  11. ფინანსთა
  12. შინაგან საქმეთა
  13. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროების შემცირების მიუხედავად ხარჯები არ მცირდება:

მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი 

944-გვერდიანი დოკუმენტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ სტრუქტურული ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს.

"კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი", - წერია განმარტებით ბარათში.

თუმცა საინტერესოა, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი სხვა ჩანაწერსაც აკეთებს, რომელშიც მინიშნებულია, რომ სამინისტროების გაერთიანება გარკვეულ საბიუჯეტო ეკონომიას მაინც გამოიღებს, თუმცა კონკრეტული რიცხვები მოყვანილი არაა და წერია, რომ აღნიშნული 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება.

"ამასთან აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება", - წერია განმარტებით ბარათში.

ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი პარლამენტისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.

კომენტარები