საკონსტიტუციო ცვლილებები

წულუკიანი: კონსტიტუციით ქართული სიტყვების შემოტანა მისასალმებელი უნდა იყოს

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი კონსტიტუციიდან სიტყვა "ხმოსნის" ამოღებას არ იწონებს. იუსტიციის მინისტრმა დღეს პარლამენტში, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვისას დასვა კითხვა, რატომ ხდება ამ ტერმინის ახალი კონსტიტუციიდან ამოღება. პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ისინი კონსტიტუციაში ქართული სიტყვების დამკვიდრებას ცდილობდნენ, თუმცა "ვიღაცების მხრიდან ქილიკი" გახდა. 

"როდესაც კონსტიტუციას შემოაქვს და აფუძნებს ქართული სიტყვების ხმარებას, ეს ალბათ მისასალმებელი უნდა იყოს. მაგალითად, მივესალმები იმას, რომ თანახელმოწერა შემოვიდა და აღარ ვიტყვით კონტრასიგნაციას. ეს ძალიან კარგია, დასანანია, რომ ხმოსანი შემოგვქონდა და ახლა უნდა ამოვშალოთ. მაგრამ მე მაინტერესებს, ის, ვინც ამ სიტყვას აქილიკებს, მან თუ გააქილიკა სიტყვა ინტერპელაცია, რომელსაც მე არ ვეთანხმები, რომ შემოვიტანოთ", - თქვა თეა წულუკიანმა. 

ამ და სხვა საკითხებზე დღეს პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე იმსჯელეს, რომელლიც კონსტიტუციურ ორგანოებთან გაიმართა. ამით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა, სავარაუდოდ, დასრულდა. ქართული ოცნების წევრების თქმით, შემდგომი მსგავსი შეხვედრების საჭიროება აღარ არსებობს.

განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, შეხვედრას ოპოზიციის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ თქვა, რომ "პრეზიდენტის არჩევის წესი უფრო დასახვეწი და გადასახედი იქნება". 

"ხმოსნები შეიძლება ვიღაცამ გააშარჟა, მაგრამ კარგი იქნება, თუ კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები დაიხვეწება და იქნება ჩამოყალიბებული კონსტიტუციასთან მიმართებაში, პრინციპების დონეზე ვამბობ; ვინ ირჩევს პრეზიდენტს, რა ორგანოა, საიდან ხდება, როგორ ხდება?!", - თქვა თავაძემ. 

იუსტიციის მინისტრმა კი კომისიას კიდევ ერთი წინადადება შესთავაზა - გაიზარდოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტია და ხარისხი. 

"ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან მაღალი ევროპული დაცვის ხარისხი კანონით და კონსტიტუცია ჩამორჩება კანონს. მე გთავაზობთ, რომ მე-18 მუხლი ავწიოთ უფრო მაღალ სტანდარტზე. საჯარო ინფორმაციის გაცემისას პირადი მონაცემები იყოს დაცული", - თქვა წულუკიანმა.

საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელზე მუშაობაც 2017 წლის იანვრიდან მიმდინარეობდა, პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა და პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა. 

ამის შემდეგ კი საქართველოს კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში კვლავ ცვლილებები შედის. იცვლება 4 პუნქტი: 2024 წლიდან გაუქმდება ე.წ ბონუსების სისტემა, 2020 წელს პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საშუალება, საარჩევნო ბლოკები შექმნან, ასევე ცვლილებები ეხება რელიგიის თავისუფლების მუხლსა და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლას. 

კომენტარები