სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ირმა ნადირაშვილი: სუბარი თავს ესხმის პოლიტიკურ ოპონენტებს, ანთხევს ბოღმას და შუღლს

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ სოზარ სუბარმა "საქმიანად ისაუბროს და საზოგადოება დააწყნაროს", პოლიტიკურ ოპონენტებს ესხმის თავს.

"ნახულობს დროს, თავს ესხმის პოლიტიკურ ოპონენტებს, ანთხევს ბოღმას და შუღლს. ეს არის სახე ქართული ოცნების სამწუხაროდ" - აღნიშნავს ირმა ნადირაშვილი.

პოლიტიკოსის თქმით, სოზარ სუბარის განცხადებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. 

"საზოგადოება ღელავს, მრავალი საათია მიმდინარეობს სპეცოპერაცია, არიან დაჭრილი
სპეცრაზმელები, ჩვენ მათ კიდევ ერთხელ გამოჯანმრთელებას და სპეცოპერაციის
წარმატებით დასრულებას ვუსურვებთ." - ამბობს ნადირაშვილი.

ევროპული საქართველოს წევრის ცნობით, "მოვლენების შეფასება იქნება ცოტა მოგვიანებით.’’

სოზარ სუბარმა 22 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე ისაუბრა - თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ბრალს განიხილავს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა თქვა, რომ მას სპეცოპერაციაზე ბევრი არაფრის თქმა შეუძლია.

"სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებას იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია ამ ეტაპზე, რომ არ შეექმნას საფრთხე მოსახლეობას. სხვას მე ვერაფერს ვერ გეტყვით" - განაცხადა სუბარმა ბრიფინგზე.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს. სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი. სპეცოპერაციის შედეგად, დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი და გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი თავდამსხმელი.

კომენტარები