სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე

"უდანაშაულო ვარ, პოლიტიკური მოტივაციით დევნილი" - ახალაია Skype-თი დაკითხეს

დათა ახალაია

კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალია დღეს skype-ით, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე, იკითხება. საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობას. ინტერპრესნიუსის ცნობით, ახალაიამ დაკითხვის დროს მოწმის უფლება გამოიყენა, არ მისცეს ჩვენება საკუთარი ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ კითხვებს, რომელიც მის სისხლის სამართლის საქმეს ეხება, არ უპასუხებს.

კუდ-ის ყოფილმა მაღანჩინოსანმა აგრეთვე უარყო ის ინფორმაცია, რომ თითქოს ოლეგ მელნიკოვთან, გერონტი ალანიასთან და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

პროკურორების კითხვაზე, თუ ვინ გაუწია მას რეკომენდაცია კუდ-ის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, იმის მიხედვით, რომ მას არ ჰქონდა გამოცდილება და ასევე იყო სტუდენტი იმ დროისთვის, ახალაიამ განაცხადა, რომ მას რეკომენდაცია მერაბიშვილმა გაუწია.

"ვანო მერაბიშვილმა გამიწია რეკომენდაცია. მე გავამართლე. გაიხსენეთ რამდენი მაღალჩინოსანი დავიჭირე ქრთამით ხელში. დიპლომიც მქონდა და დამთავრებული მქონდა სწავლა", - განაცხადა ახალაიამ.

ახალაიამ ასევე აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა და მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"მე უდანაშაულო ვარ პოლიტიკური მოტივაციით დევნილი. ყველა საქმე პოლიტიკური არგუმენტაციით არის გაჯერებული და პოლიტიკური დევნის იარაღია. დამნაშავე ვარ იმაში, რომ ძალიან მიყვარს ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის. ეს თქვა საბერძნეთის სასამართლომაც, რომ ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა", - განაცხადა ახალაიამ.

გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ვალერიან მეტრეველი და გერონტი ალანია. ამავე საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაია, თუმცა მისი საქმე საბერძნეთის სასამართლოში ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად გამოიყო. საქმეზე ასევე ბრალდებული იყო ოლეგ მელნიკოვი, რომელსაც აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 

კომენტარები