სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

ბოკერია: სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

“ამ ეტაპზე, არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ახლა დასკვნები გავაკეთოთ, მითუმეტეს სპეცოპერაცია ჯერჯერობით მიმდინარეობს. პირველ რიგში, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ დაჭრილ სპეცრაზმელს და იმედი ვიქონიოთ, რომ სწრაფად დასრულდება სპეცოპერაცია და მსხვერპლის გარეშე. ხოლო შემდეგ უკვე ველით ინფორმაციას ხელისუფლებისგან, იმიტომ, რომ ეს სერიოზული ამბავია და საზოგადოებას აქვს უფლება, რომ რაღაც მომენტში მიიღოს ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე“, - თქვა გიგა ბოკერიამ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ საღამოს დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც ცდილობენ, სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი.

სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი. სადარბაზოდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობა გუშინ ღამით გამოიყვანეს.

კომენტარები