ბედიანის საბავშვო ცენტრი

ახალი ხედვის დანერგვა სოფლის მეურნეობაში - ბედიანის საბავშვო ცენტრი

1991 წელს , სტუდენტებმა ძეგვის ბავშვთა სახლიდან გადაიყვანეს ჯერ 10, შემდეგ კი ბევრი ბავშვი მათ მიერ დაფუძნებულ ახალ ცენტრში - წალკასთან, სოფელ ბედიანში. ბედიანის ახალ საბავშვო ცენტრში ძალიან მალე, არა მხოლოდ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები იყვნენ, არამედ ცენტრს აღსაზრდელად ოჯახებმა შვილებმაც მიაბარეს, მათ შორის ადგილობრივი სომხებისა და ბერძნების თემებიდან. ბედიანი იქცა მულტიეთნიკური მოსახლეობის კომუნიკაციის და თანაცხოვრების სივრცედ.

ცენტრი ძალიან მალე გაიზარდა და დღემდე ფუნქციონირებს. ცენტრს უკვე მასში აღზრდილები მართავენ. ბედიანის ბავშვთა ცენტრი დღეს ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწებს და თანამშრომლობს ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის მეზობელ სოფლებთან.

ერთი წლის წინ, ბედიანის ბავშვთა ცენტრმა, უკვე როგორც ინსტიტუციამ წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებას - ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის მიზნით. სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის შესაძლებლობების და უნარების გამდიდრებას. ამ პროცესისთვის ბედიანის ბავშვთა ცენტრს პარტნიორობას უწევენ გერმანიაში ქართველ ემიგრანტთა ასოციაცია და გერმანიის გარემოს დაცვი საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ.

პროექტის ფარგლებში მოხდა :

1. ბედიანში, ბერეთასა და საბეჭვისში სოფლის მეურნეობის შესაძლებლობების შეფასება.

2. შეიქმნა რესურსების მდგრადი პრაქტიკის სახელმძღვანელო.

3. შეიქმნა საპილოტე სათბურები.

4. შეიძინეს საჭირო ტექნიკა.

5. ადგილობრივ ფერმერებთან სამუშაოდ ჩამოვიდნენ ამერიკელი ფერმერები.

პროექტის ფარგლებში შექმნილ სათბურებში ადგილობრივი გლეხები სწავლობენ, თუ როგორ მიიღონ სეზონური მოსავალი ყველა სეზონზე და კონკრეტულად როდის რაზე გააკეთონ ინვესტიცია.

ბედიანის ბავშვთა ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელსა და მიმდინარე პროექტის ინიციატორს, კახაბერ ბახტაძეს სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროცესზე საუბრობს:

"იმისათვის, რომ მოხდეს ძირეული ცვლილებები საბჭოთა ტიპის სოფლის მეურნეობის მიდგომებში საჭიროა ახალი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაფუძნებული იქნება ძველი სოფლის მეურნეობის მიდგომებზე. ტრადიციული სოფლის მეურნეობის გამოცდილება საქართველოში საკმაოდ ცუდად არის შემონახული, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი აღდგენა და თანამედროვე მიდგომებით განვითარება. სწორედ ასეთი ტიპის განვითარებისთვისა [ქვევიდან ზევით] მნიშვნელოვანია აქტიური ინიციატივები ადგილებზე, რომლებსაც სათავეში შეიძლება ედგნენ, როგორც ინდივიდუალური ფერმერები [და ისინი შეიძლება იყვნენ თბილისიდანაც] და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან პარტნიორობით/კოოპერირებით შეძლებენ გამოწვევების სწორად შეფასებას, პრობლემებზე მორგებული სამოქმედო გეგმის შექმნასა და საბოლოოდ განხორციელებას. დღეისათვის საქართველოში ასეთი მაგალითები უკვე არსებობს და მათი რაოდენობა და მასშტაბები იზრდება. მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც თან ახლავს რეფორმას დაკავშირებულია იმ ფერმერების მომავალთან, რომლებიც კონკურენციას ვერ უწევენ მსხვილ მეურნეობებს და შედეგად იძულებული არიან მიყიდონ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწები მსხვილ ფერმერებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი მეურნეობებიც საკმაოდ რთულ კონკურენციაში იმყოფებიან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტირებთან, რადგან ხშირად იმპორტირებული პროდუქციის ფასი ადგილობრივზე დაბალია. ეს ტენდენციები დამახასიათებელია სხვა განვითარებული და განითარებადი ქვეყნებისათვის, რომლებიც გამოწვევაზე საპასუხოდ ცდილობენ დაეხმარნონ ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებს მაღალი ხარისხის და აქედან გამომდინარე ღირებულების პროდუქციის წარმოებაში, რომელსაც თავისი მოთხოვნადი ადგილი აქვს ბაზარზე და, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდას და, მეორე მხრივ, უკავშირდება მიწისა და წყლის რესურსების მდგრად მართვასა და ადგილობრივი აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მომხმარებლები მზად არიან გადაიხადონ მეტი, შემოთავაზებულ პროდუქციაში და ამით ინვესტირება მოახდინონ როგორც საკუთარი ჯანმრთელობაში, ისე ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაში." - ამბობს კახაბერ ბახტაძე.

ბედიანის ბავშვთა ცენტრის ორგანიზებული პროექტი სულ მალე დასრულდება, თუმცა პროექტის ავტორებს და მათ პარტნიორებს იმედი აქვთ, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობისა და ფერმერებისთვის გადამწყვეტ გამოცდილებად იქცევა ის პროცესი, რომელიც ახალი ტიპისა და ტექნოლოგიის ათვისებას ემსახურებოდა.

კომენტარები