ოჯახში ძალადობა

სასამართლო: ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, კაცს ყოფილ ცოლთან მიახლოება ავუკრძალეთ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს ყოფილ ცოლთან 2 მეტრის რადიუსით მიახლოება აუკრძალა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყოფილი ქმარი მოძალადედ მიიჩნია და დამცავი ორდერი გამოსცა. 

"მოძალადეს, ასევე აეკრძალა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახით ურთიერთობა, მათ შორის სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ქალზე, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა მუდმივ შიშს. სასამართლომ, 6 თვის ვადით გამოსცა დამცავი ორდერი, რომლითაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება განისაზღვრა" - აცხადებს სასამართლო და განმარტავს, რომ დამცავი ორდერი ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმია. სასამართლოს განცხადებით, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.

მიმდინარე წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით 171-მა განმცხადებელმა მიმართა. ეს გასულ წელთან შედარებით, 16,3%-ით მეტია.

კომენტარები